რეგიონი
აგვისტოს ომის გმირის დედა მერიას:თუ მემორიალში კორექტივებს არ შეიტანთ, ჩემი შვილის სახელს წავშლი (ვიდეო)
2008 წლის აგვისტოს ომის გმირის სერგეი გოროზიას დედამ მზია გოროზიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მოსწონს მემორიალი. ამის შესახებ გოროზია რადიო "ათინათს" რამდენიმე დღის წინ დეტალურად ესაუბრა. მისი თქმით, თუკი მერია კორექტივებს არ შეიტანს, ის მემორიალიდან მისი შვილის სახელის წაშლას მოითხოვს.

„ეს არის წუხილის და სიამაყის დღე. მათ მართლა თავი დადეს სამშობლოსთვის. მე საყვედურს ვუცხადებ ზუგდიდის მერიას. ბეტონის ძეგლი ჩვენი გმირი ბიჭებისთვის ყოვლად მიუღებელია. თუ ეს ასე დარჩება, ჩემი შვილის სახელი და გვარი იქ არ იქნება, თქვენ ვერ შეიფერეთ ჩვენი ბიჭები“, - განაცხადა გოროზიამ.

მის საპასუხოდ მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ აღნიშნა, რომ მზია გოროზია ჩართული იყო ამ პროცესში. ის კატეგორიულად არ ეთანხმება გოროზიას პრეტენზიებს.

„ეს არ არის საბჭოთა მემორიალი, აქ არის ჯვრიანი დროშა, არის სამხედრო ფეხსაცმელი, სამხრეს რაც შეეხება, დეკორია. მას სურდა უფრო დიდი კომპოზიციის დადგმა, მაგრამ არქტირექტურული სივრცე არ გვაძლევდა ამის საშუალებას და როგორც ბიჭებმა იცხოვრეს მოკრძალებით, ასევე, მოკრძალებული მემორიალი დაიდგა. ეს არის აბსტრაქცია, სამგანზომილებიანი მხატვრული კომპოზიცია, სადაც ასახული მარადიული ბრძოლა მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჯიქიამ.

მისივე თქმით, გოროზიას შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დეკორში ცვლილებებს შეიტანენ. რაც შეეხება მასალას, ჯიქია ამბობს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რკინა-ბეტონი, არამედ სპეციალური კონგლომერატი.

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ამბობს, რომ თუკი შენიშვნებს საზოგადოება დაუჭერს მხარს, კორექტივებს შეიტანენ.

„შევეცდებით ეს შენიშვნები გავითვალისწინოთ, საზოგადოების საკუთრებაა ეს მემორიალი და მათი ჩართულობა აუცილებლია, რათა სრულვყოთ. შესაძლებელია მცირეოდენი კორექტივები, თუ საზოგადოებაც დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს ოჯახის წევრებთან ერთად“, - განაცხადა შენგელია.

ზუგდიდის მერიამ მემორიალისთვის, რომელიც დღეს, 8 აგვისტოს გაიხსნა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასამდე ლარი გამოყო.


Print