ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას მოქალაქეს დაუბრუნებენ
ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 267 კვ.მ. ფართის სახელმწიფოსთვის გადაცემას, რათა აღნიშნული ტერიტორია მოქალაქე ვლადიმერ აბსანძეს დაუბრუნდეს. ამ მოთხოვნით მერიას პროკურატურამ მიმართა. როგორც სხდომაზე ითქვა, აბსანძეების ოჯახს უძრავი ქონება 2007 წელს მთავრობამ უკანონოდ წაართვა. 

მიუხედავად იმისა, რომ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს, საკრებულოს დეპუტატებს შორის აღნიშნულ წინადადებას ხმაური მაინც მოჰყვა.

სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია "ენმ"-ის წევრები, რაზედაც "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა, რომ ისინი საკრებულოში შეგნებულად არ მოვიდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მიმართ არის ბევრი საყვედური, მე ზუსტად ვიცი, რომ მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, არ იქნება არცერთი შემთხვევა, როცა მომდევნოს წინა მთავრობის მიერ წართმეული ქონების დაბრუნება მოუწევს. რადგან ახლა არავის ართმევენ ქონებას, როგორც ეს ხდებოდა 9 წლის განმავლობაში",-აღნიშნა ლაგვილავამ.

მას "ევროპული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ უთხრა, რომ მათი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარ შეცდომებს არ აღიარებენ.

"სწორედ ესაა საერთო თქვენსა და ენმ-ს შორის, რომ არც ისინი და არც თქვენ შეცდომებს არ აღიარებთ და არ იღებთ პასუხიმგებლობას, ჩვენგან განსხვავებით. სწორედ იმიტომ გადაირჩია ხალხმა ენმ-ის მთავრობა, რომ ასეთი უსამართლობები ხდებოდა, თუმცა დღესაც სასამართლოც და პროკურატურა ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სურვილებსაა მორგებული",-თქვა შელიამ.

სწორედ ამ რეპლიკამ გააღიზიანა "ქართული ოცნების" დეპუტატები. მათ სასამართლოს დამოუკიდებლობის მაგალითად "რუსთავი 2"-ის საქმე და სტრასბურგის გადაწყვეტილება დაასახელეს და აღნიშნეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "რეინკარნაცია" ვერ მოხდება.



რაც შეეხება ფართს, ის რუსთაველის 89-ნომერში (ფოსტის შენობის წინ) მდებარეობს, სადაც ამ დრომდე მერიის ააიპ "ზუგდიდასუფთავება" ფუნქციონირებს.

Print