ახალი ამბები
ზუგდიდის ყოფილი ციხის შენობაში მუზეუმის მოწყობა სურთ
ზუგდიდში, ყოფილი ციხის შენობაში მუზეუმის მოწყობის ინიციატივა მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსს ლაშა ჯიქიას ეკუთვნის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა და ფეისბუქ მომხმარებლებს იდეის გარშემო აზრის დაფიქსირება სთხოვა.

“მეგობრებო! თქვენი კომპეტენტური მოსაზრება მაინტერესებს. ზუგდიდის ყოფილი ციხის ტერიტორიაზე ტოტალიტარიზმის მუზეუმი, რომ მოეწყოს რა აზრის ხართ? საოცრებებია შიგნით. პატიმრების სატანჯველად მოწყობილი ოთახები, ვიწრო საკნები და სხვ., მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესოა პატიმრების შემოქმედებითი ხელოვნების ნიმუშები: კედლის მხატვრობა, ჯვრების მცირე ქანდაკებები და სხვ. ღირს ამ იდეისთვის ბრძოლა? ტურისტულად მიმზიდველია მსგავსი ადგილები. ნეგატიურ მოვლენებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ისტორიას ხომ ვერ გავექცევით?”, - წერს ლაშა ჯიქია.

მის ინიციატივას ფეისბუქზე მომხმარებლების ნაწილი იწონებს.

როგორც ლაშა ჯიქიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მისი იდეის შესახებ, ჯერჯერობით, მერიაში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, მის განხორციელებაზე იზრუნებს.

„ამ ციხეში, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც, იყო საკნები, სადაც პატიმრებს აწამებდნენ, იყო უფლებების შელახვა და ასე შემდეგ. რამდენიმე პატიმარი დაბრმავდა, რამდენიმემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გარდა ამისა, იქ არის პატიმრების ნახატები, რომელშიც, თითქოს, ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა გამოხატული. ეს ისტორიის ნეგატიური ნაწილია, თუმცა, ვერ გავექცევით მე ვფიქრობ, რომ ეს მუზეუმი უნდა იყოს, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს“, - აღნიშნა ჯიქიამ.

ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპყრობილე 2013 წელს დაიხურა. შენობა ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

ფოტო:ლევან გაბეჩავა

Print