ახალი ამბები
გალში პედაგოგები გადამზადების პროგრამას რუსულ ენაზე გადიან
გალში დაბალი ზონის სოფლების პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს. „გალ ტვ“- ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კვალიფიკაციას მე - 8 კლასის 65 მასწავლებელი აიმაღლებს.

რაიონის ფიზიკის მასწავლებელთა მეთოდური გაერთიანების ხელმძღვანელმა გულნაზი უბილავამ აღნიშნა, რომ დაბალი ზონის პედაგოგების პრობლემას, ძირითადად, საგნის რუსულ ენაზე სწავლება წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული კურსები ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარებათ.

„რა თქმა უნდა რთულია, ყოველ სიტყვას, ყოველ პარაგრაფს ვარჩევთ და ჩვენი საქმე წინ მიიწევს. ისინი შესანიშნავი ფიზიკოსები არიან, მაგრამ აქამდე ფიზიკას ქართულ ენაზე ასწავლიდნენ. ძალიან გამოცდილი მასწავლებელები არიან, თუმცა რუსულ ენაზე სწავლება მხოლოდ გასულ წელს დაიწყეს“, - აღნიშნა მეთოდისტმა.

გადამზადებული მასწავლებლები თვის ბოლოს ატესტაციას გაივლიან. მათ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეაფასებენ. კურსებს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის პედაგოგები უძღვებიან.


Print