ახალი ამბები
მაშველებმა უშბადან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს
მაშველებმა მესტიაში, მყინვარ უშბაზე დაშავებული უცხოელი ტურისტები ჩამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მაშველებმა ისინი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. რთული რელიეფის გამო, დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, ადგილზე დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. მაშველებმა დაშავებული ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აცხადებენ უწყებაში.

Print