ახალი ამბები
უშგულელებმა კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით გზა გადაკეტეს
უშგულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი სოფელში არსებულ პრობლემებს, პირველ რიგში კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ.
„თუ დროზე არ მოგვხედეს, უშგული იქცევა ქვების გროვად. გთხოვთ, რომ დაგვიდგეთ გვერდით, მხარი დაგვიჭიროთ, რომ გადარჩეს სვანეთის კულტურა. ვთხოვთ პრემიერს, რომ მობრძანდეს და დაგვეხმაროს. ეს სავალალო მდგომარეობაა ყველა უბანში. გვაინტერესებს, როდის დაიწყება ზვავსაშიში ზონის გამაგრება და შემდეგ უკვე ძველი სვანური სახლებისა და კოშკების აღდგენა. გვსურს, რომ გამოიყოს ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე.“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, სოფელში ელექტროენერგიისა და გზების პრობლემაც აწუხებთ.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, შესაბამისად, ადგილზე მყოფი ტურისტები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ კოშკი აღდგენას ექვემდებარება. მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე, 2019 წლის ბოლომდე 20 კოშკი და მაჩუბი უნდა განახლდეს. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოცხადებული აქვს.

ფოტო: მარიამ ხაჭვანი


Print