ახალი ამბები
თემურ ნადარაიამ გალელ სტუდენტებს „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღება ურჩია
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია იმ კურსდამთავრებულებს შეხვდა, რომლებიც წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ.

შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ მომავალი სტუდენტების უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელში, დოკუმენტების არქონის გამო, დაბადების მოწმობით ჩაირიცხა. მან ახალგაზრდებს ურჩია, რომ მათ პირადობის დამადასტურებელი საბუთების მისაღებად აპლიკაციის შევსებაზე ახლავე იზრუნონ. ნადარაიამ აქვე დასძინა, რომ "აფხაზეთის მოქალაქეობის" დამადასტურებელი მოწმობის მიღება შეუძლია არასრულწლოვან პირსაც, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიბადა და რომლის ერთ - ერთი მშობელი აფხაზეთის მოქალაქეა. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობა არცერთ მშობელს არ გააჩნია, მან უნდა მიიღოს "ბინადრობის მოწმობა", რაც 5 წლის შემდეგ, მოქალაქეობის მოთხოვნის უფლებას იძლევა. გამონაკლისს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ, რუსეთის ფედერაციის გარდა.

"აფხაზეთში ბინადრობის მოწმობის მფლობელს იგივე უფლებები აქვს, რაც აფხაზური პასპორტის მფლობელს, გარდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა. ამასთან, მას შეუძლია სრული სოციალური პაკეტით ისარგებლოს", - თქვა ნადარაიამ.

მან შეხვედრაზე მყოფ გალელ ახალგაზრდებს შეახსენა, რომ ახალი სასწავლო წლიდან გალი - სოხუმის მიმართულებით, კვირაში ორჯერ, იმოძრავებს ავტობუსი. მგზავრობის ფასი, 150 რუბლს (დაახლოებით 8 ლარი) შეადგენს. გარდა ამისა, მისივე ცნობით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომლის ქირა 1500 (დაახლოებით, 70 ლარი) რუბლია. ნადარაიამ აქვე აღნიშნა, რომ გალის რაიონში მცხოვრები წარჩინებული ან არასრული ოჯახის მქონე სტუდენტები რაიონის ადმინისტრაციისგან 5 ათასი რუბლის ოდენობით (დაახლოებით, 230 რუბლი) სტიპენდიას მიიღებენ.

Print