ახალი ამბები
ზუგდიდის მერია რვა ქვის სკამს 20 ათას ლარად შეისყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 ქვის სკამის ქალაქში განსათავსებლად 20 ათასი ლარი გამოყო. შესაბამისი მომსახურებისთვის, რომელშიც სკამების მოწყობა-მონტაჟიც შედის, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ზურგიანი სკამები მარმარილოსგან უნდა დამზადდეს.

ტენდერში წინადადებები 18-დან 20 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

გამარჯვებულმა კომპანიამ საყვავილეების მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.

მანამდე მერიამ ქვის დეკორატიული საყვავილეების განსათავსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა.

უფრო ადრე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქვის საყვავილეების, ურნებისა და სკამების მოსაწყობად 112 ათასი ლარი გამოიყო. მარმარილოს 13 ზურგიანი სკამისთვის ბიუჯეტიდან - 28 500 ლარი, ხოლო 15 დეკორატიული საყვავილისა და 50 ურნისთვის 83 500 ლარი იყო გათვალისწინებული.

დეკორატიული სკამები, ქვები და საყვავილეები დადიანების სასახლის ეზოსა და სკეიტ-პარკში განთავსდა.

Print