ახალი ამბები
საკრებულოს წევრი: ადგილობრივებისთვის მიწის დაკანონებით მათ გულსაც მოვიგებთ
ზუგდიდის საკრებულოს წევრი ზურაბ გოგოძე ინგირში მიწების მოსარგებლეებისთვის დაკანონების ინიციატივით გამოვიდა. ამისთვის დასახმარებლად მან ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარს მერაბ ქვარაიას მიმართა. "ქართული ოცნების" წევრი ზურაბ გოგოძე ამბობს, რომ მოსახლეობისთვის მიწის დაკანონებით მომხრეებსაც შეიძენენ.

“ეს არის მიწები, რომელიც მიტაცებულია თვითნებურად და ითესება ერთწლიანი პროგრამები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიწები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, შეუძლებელია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა, მაგალითად, მოცვის კულტურის გაშენება და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ორ საქმეს ერთად გავაკეთებთ - მათ გულსაც მოვიგებთ და ეკონომიკური სარგებელიც იქნება. ამითაც ვიხეირებთ და უფრო ძლიერი სოფელი გვექნება“, - აღნიშნა გოგოძემ.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე ასეულ ჰექტარ მიწაზე.

როგორც მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, მსგავს სისტემურ პრობლემებზე პარლემენტის საშემოდგომო სესიაზე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში იმსჯელებენ, რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, დეპუტატმა თქვა, რომ პრობლემის მოგვარების გზების ძიებას ეცდება.

"ამ შემთხვევაში არის ინდივიდუალური ქეისები, სადაც ვეცდებით მოვნახოთ ის გარემოებები, თუ რა აფერხებს ამ მიწების გადაცემას მოსახლეობისთვის და შევეცდებით, გადაეცეს საკუთრებაში მათ ეს ტერიტორია", - აღნიშნა ქვარაიამ.

ქალაქის მაჟორიტარი საკრებულოს დეპუტატებს დღეს შეხვდა.


Print