ახალი ამბები
თეთნულზე დაშავებული ქალის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება
მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე დაშავებული შუახნის ქალის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შორენა რატიანმა უთხრა. მისი ინფორმაციით, 55 წლის ქალი დამოუკიდებლად სუნთქავს, გონზეა და კონტაქტურია.

„ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნორმაშია სასიცოცხლო მაჩვენებლები. მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, ტრავმა აქვს შუბლისა და კისრის არეში. გვითხრა, რომ მთელი ღამე ცდილობდა არ დაეძინა, რომ არ გაყინულიყო. კიდურები მოძრაობის დროს ტკივა, სავარაუდოდ, მოტეხილობებია, თუმცა ეს კვლევების შემდეგ გამოჩნდება“, - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, კვლევების შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანს თუ არა პაციენტს კატასტროფის ბრიგადა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

თეთნულდზე ბელორუსიის ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ისინი მაშველებმა შეტყობინების შემოსვლიდან მეორე დილას იპოვეს. დაშავებული ქალი სამაშველო ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილიდან მესტიაში, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩამოიყვანა.
Print