ახალი ამბები
ორსანტია-კოკის ადმინისტრაციულ საზღვარზე "ქართული ოცნების" დროშა ჩამოხსნეს
ორსანტია-კოკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დროშა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნეს. მასთან ერთად ჩამოხსნილია საქართველოს ეროვნული დროშაც. როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიაში უთხრეს, ხუთჯვრიანი დროშა დაზიანებული იყო და მის ნაცვლად ახალს აღმართავენ.

მერიაში უარყოფენ, რომ პარტიული დროშა, რომელიც სამ თვეზე მეტხანს იყო აღმართული, მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც ფოტო რადიო "ათინათმა" გაასაჯაროვა.

"კეთილმოწყობის სამსახური ცვლის ნათურებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ეს პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად. როცა მოვიდა ორსანტიის ჯერი, თანამშრომლებმა ეს დროშაც ნახეს და ჩამოხსნეს. მას სპეციალური მანქანა სჭირდებოდა", - აღნიშნეს მერიაში.

მათივე ცნობით, დროშა ადგილობრივებმა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაკიდეს.
Print