ახალი ამბები
ნოსირში დაზიანებული გზის საფარი ავტოავარიაში ახალგაზრდების დაღუპვის შემდეგ აღადგინეს
სოფელ ნოსირში, სადაც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აალებულ მანქანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჩაიწვა, დაზიანებული გზის საფარი წუხელ აღადგინეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოები ღამის 11 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათივე თქმით, აღნიშნული მონაკვეთი, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაზიანდა.



"დამწვარი მანქანები წაიღეს და ამის შემდეგ მოვიდნენ მუშები. მთელი ღამე მუშაობდნენ, დილით უკვე გზა ამოვსებული იყო. წუხელ თუ შეიძლებოდა ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ ამოავსეს ეს ადგილი. ასფალტმა ლიანდაგების მხარეს დაიწია, დაახლოებით, ერთი წლის წინ", -უთხრა რადიო "ათინათს" სოფლის მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.


სენაკის სოფელ ნოსირთან ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს გუშინ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მანქანა აალდა და დაიწვა. ერთ-ერთ მათგანში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიწვა, მეორე ავტომობილში მყოფები კი დაშავდნენ. ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print