ახალი ამბები
მეუფე გერასიმეს ინიცირებული კონცერტის ორგანიზებისთვის მერიამ 16 ათასამდე ლარი გამოყო
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 8 სექტემბერს ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის ერთობლივი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზებისთვის მერია 16 ათასამდე ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა. ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინიციატივა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ეკუთვნის.

„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გერასიმეს ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პატრონაჟით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ტარდება კლასიკური და აკადემიური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. კონცერტი ეძღვნება აფხაზეთის თემას და მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობას, დევიზით „მუსიკა აერთიანებს“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამავე ცნობით, მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონცერტისთვის სცენა უნდა მოაწყოს, მოწვეული სტუმრები სასტუმროში დააბინავოს და რესტორანში 40 პერსონაზე ვახშმის მომსახურება გაწიოს.

წინადადებები შესყიდვაში 25-დან 27 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

ფოტო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
Print