ახალი ამბები
გაგრის სოფელი აიბგა „როსრეესტრში“ მითითებულია, როგორც რუსეთის ტერიტორია
აიბგას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია. სოფელი აიბგა განლაგებულია რუსეთ - აფხაზეთის საზღვარზე, რომელსაც მდინარე ფსოუ ჰყოფს. ის დასახლებულია ეთნიკურად რუსი მოსახლეობით. რუსეთის ოლიმპიადის დროს, სოფელი რუსი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლებმაც თავიანთი საგუშაგო საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში განათავსეს. ინფორმაციას cyxymu.info ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, 2014 წლის რუსეთის ოლიმპიადის შემდეგ სოჭის მერი აიბღაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ის მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ყუბანის ტელევიზიის მიერ მომზადებულ მასალაში, აიბგაზე საუბარია, როგორც ადლერის რაიონში შემავალ დასახლებულ პუნქტზე, რამაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შეშფოთება გამოიწვია.

ამასთან ერთად, აფხაზეთის ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის წინაპრები ჩერქეზთა მუჰაჯირობის შემდეგ დაცლილ სოფელში ჩაასახლეს, თვლის, რომ სოფელი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს.
ვებ - პორტალის თანახმად, Google Maps - ში კრასნოდარის მხარის აღმნიშვნელი კოორდინატების 43.585401 40.242553 შეყვანისას, ჩანს, რომ ეს არის აფხაზეთი - რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია, რომელსაც საქართელო დროებით ვერ აკონტროლებს.

„როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებაც ვერ აკონტროლებს მას, რაკი ის „როსრეესტრის“ ბაზაში აღმოჩნდა“, - წერს პუბლიკაციის ავტორი.

1904 წელს ამჟამინდელი გაგრის რაიონი შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო თანამედროვე აფხაზეთის დანარჩენი ნაწილი ქუთაისის გუბერნიაში რჩებოდა.

1920 წელს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ "საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის შავი ზღვიდან, მდინარე ფსოუზე, ახახჩას მთაზე, ახახჩას მთიდან აგაპეტის მთაზე, ყოფილი შავი ზღვის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საღვარზე, ზაქათალას ოლქამდე და ამ ოლქის აღმოსავლეთ საზღვარზე, სომხეთის საზღვრამდე".

1921 წელს საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, რუსეთის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს საზღვარიც ამავე პრინციპით განისაზღვრებოდა. 1929 წელს რუსეთ - საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუზე გაატარეს, თუმცა, აიბღას ნაწილი სოჭის რაიონის შემადგენლობაში რჩებოდა და საზღვარმა ის ორად გაჰყო.


Print