ახალი ამბები
სოხუმი: "არჩევნებს" 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 25 აგვისტოსთვის დანიშნულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 10 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მათგან რვა (შამილ აძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ კაკალია, ასტამურ ოტირბა, ასტამურ ტარბა და, ასევე „მოქმედი პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა) საინიციატივო ჯგუფებმა, ხოლო ორი (ალხას კვიცინია - პარტია „ამცახარა“ და ლეონიდ ლაკერბაია - პარტია „აკზაარა) პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, წერს „აბხაზია ინფორმი“. ამავე ცნობით, „152 საარჩევნო უბანი 35 საარჩევნო ოლქშია გაერთიანებული. გარდა ამისა, აფხაზეთის საზღვრებს გარეთ სამი საარჩევნო უბანი გახსნილია მოსკოვში, ჩერკესკსა და სტამბოლში“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, არჩევნებისთვის სოხუმში 50 საერთაშორისო დამკვირვებელი ჩავა, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმის 7 დეპუტატი და 4 სენატორი, რუსეთ-ბელორუსის საპარლამენტო კრების სამი წარმომადგენელი. არჩევნებზე დაკვირვების სურვილი ასევე გამოთქვეს ნიკარაგუას ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ალბა ასუსენა ტორესმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, ვენესუელას, ასევე თურქეთის და ბელგიის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტს“ 5 წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 2016 წელს გაცემული „აფხაზური პასპორტის“ მფლობელებს აქვთ.


Print