ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტრო: აიბგას რუსეთის ტერიტორიად გაფორმება ანექსიის პროცესის გაგრძელებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბგას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება ანექსიის გაგრძელებაა. უწყებაში ასე გამოეხმაურნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაგრის სოფელი აიბგა „როსრეესტრში“ მითითებულია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

„რუსეთის ფედერაციის საკადასტრო დოკუმენტებში სოფელ აიბგასთან დაკავშირებით მონაცემები შესულია პირველ ჯერზე 2002, შემდგომ კი 2009 წელს. სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება.

სამართლებრივ შეფასებას რაც შეეხება, ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბგას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას.

არსებობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მათი უპატივცემულობა რუსეთის მიერ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Print