ახალი ამბები
განმუხურში ბიძინა ივანიშვილმა სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს დაანონსებული სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ "თანაინვესტირების ფონდში" დაუდასტურეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ განახლდა.

„მთავარი გრუნტისა და საფუძვლის გამაგრების სამუშაოები დაწყებულია. თავიდან არსებულ პროექტში ცვლილებებია შესული. ჯერჯერობით, სხვა სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა“, - გვითხრეს ფონდში.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია 2016 წელს გამართეს. შეხვედრას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე სასტუმრო 35 000 კვადრატულ მეტრზე უნდა აშენებულიყო, სადაც იფუნქციონირებდა 190 მაღალი კლასის ოთახი. სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. მისი ღირებულება კი, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარი იყო. 

გასული წლის ივლისში ივანიშვილმა თქვა, რომ სასტუმროს მშენებლობის დაწყება „სხვა საქმეების გამო შეუფერხდა“, რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი გაშენება გადაიფიქრა.

Print