ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ლიბერთის ნაცვლად საქართველოს ბანკის მომხმარებელი გახდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ახალი ხელშეკრულებების თანახმად, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი გახდა. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მერიის სპეციალურმა კომისიამ სწორედ „საქართველოს ბანკი“ შეარჩია. ათზე მეტი წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას სხვა ბანკთან აფორმებს.

„საბანკო დაწესებულება შეირჩია მერიის მიერ, ყველა იყო მოწვეული და გაფრთხილებული. შევარჩიეთ და გამოვავლინეთ საუკეთესო ვარიანტი მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის. რაც შეეხება იმას, რომ თანამშრომლების ნაწილს აქვს სესხი ან სხვადასხვა ვალდებულება, მათი ინტერესები არის სრულად გათვალისწინებული და მაქსიმალური ხელშეწყობაა ჩვენგან. თვეზე მეტია ეს პროცესი მიმდინარეობს და ყველასთვის იყო გამჭვირვალე“, - გვითხრა თოდუამ.

გარდა სახელფასო ოპერაციებისა, ყველა სხვა საბანკო ოპერაციაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საქართველოს ბანკის მეშვეობით განხორციელდება.

Print