ახალი ამბები
„სექსუალური შევიწროება" - ფორუმ-თეატრი ზუგდიდში
"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ორგანიზებით, დღეს ზუგდიდის დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში სექსუალური შევიწროების თემაზე ფორუმ-თეატრი გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა გაითამაშეს სცენა, რომელშიც ერთი ოჯახის ისტორია იყო ასახული. ამბავი კი ახალგაზრდა ქალს ეხებოდა, რომელიც მას ავტობუსში გადახდა. სექსუალური შევიწროების მსხვერპლ გოგონას ოჯახის წევრები თამამ ჩაცმულობაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მოძალადის პროვოცირება სწორედ ამან გამოიწვია. წარმოდგენა, რომელსაც, ძირითადად, ახალგაზრდა ქალები დაესწრნენ, დისკუსიით დასრულდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხელი შეუწყოს კანონის იმპლიმენტაციას და ცნობიერების ამაღლებას. ხშირად საზოგადოება მსხვერპლს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და მას ადანაშაულებს იმ ფაქტში, რომ მის მიმართ ხორციელდება შევიწროება, ჩაგვრა ან ძალადობა“, - თქვა "სამოქალქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

ფორუმის მონაწილეების მოსაზრებით, ქალებს აქვთ უფლება ჩაიცვან ისე, როგორც მათ მოსწონთ და ეს საკითხი არ უნდა იყოს სტანდარტიზირებული.

„მსგავსი ტიპის შეხვედრები და დისკუსიები მნიშვნელოვანია, რადგანაც საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს რომ ძალადობა არის მიუღებელი. ყველას აქვს უფლება იცხოვროს, იფიქროს, ჩაიცვას და ამ სამყაროში იყოს ისე, როგორც მას სურს“, - თქვა თეა თორიამ

ფორუმ-თეატრი პროექტის "ქალთა-სივრცე" ფარგლებში გაიმართა, რომლიც მიზნად ქალთა ფსიქო-სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ისახავს.

პროექტი დაფინანსებულია გერმანული მხარის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების ფარგლებში.



Print