ახალი ამბები
რუსთავი 2, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, ემა გოგოხიამაც დატოვა
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „კურიერის“ გუნდის თითქმის სრულ შემადგენლობასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტმა ემა გოგოხიამაც დატოვა. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო.

„მე ვერ დავრჩები იქ, სადაც ოკუპანტია, მაშინ, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ში მუშაობის 22 წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა მათ წინ ვიდექი, ვცდილობდი, სრულყოფილად დამენახებინა ოკუპანტის სახე მაყურებლისთვის. ვერ დავრჩები იქ, სადაც არ მექნება საშუალება, გავაშუქო პრობლემა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გვარდება, რომ ხელისუფლების ნება არ არსებობს. ახლა ის წლები მაძლებინებს, რაც ამ არხზე მუშაობაში გამიტარებია“, - გვითხრა გოგოხიამ.

მისივე თქმით, შემოთავაზება ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხიდან“ აქვს და აღნიშნავს, რომ იქნება ის, სადაც მისი გუნდია.

„რუსთავი 2“-დან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ არხიდან „კურიერის“ თითქმის მთელი შემადგენლობა წავიდა. მას შემდეგ, რაც გუში, 20 აგვისტოს, 9 საათიან კურიერში წამყვანებმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, დღეს არცერთი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.
Print