ახალი ამბები
„არა გარყვნილების პროპაგანდას“ - ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში „გარყვნილების პროპაგანდის“ წინააღმდეგ ხელმოწერებს დილიდან აგროვებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა გაბედავამ ჟურნალისტებს უთხრა, აქტივობა ლგბტ თემის წინააღმდეგაა მიმართული. ხელმომწერები ანტიდისკრიმინაციული კანონიდან გარკვეული ტერმინების ამოღებას მოითხოვენ, ამასთან, სურთ, საქართველოს კანონმდებლობით ლგბტქი თემი განისაზღვროს, როგორც ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და მისი ნებისმიერი სახით გავრცელება აიკრძალოს.

„ყველა კარგად ვხედავთ, როგორი გარყვნილობა და აღვირახსნილობაა, ქალი ქალზე ქორწინდება, კაცი - კაცზე. ახლა ის დროა, რომ ერი და ბერი ერთად დავდგეთ ამის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გაბედავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვისი დავალებით აგროვებენ ხელმოწერებს, გაბედავამ და მისმა თანმხლებმა პირმა გვითხრეს, რომ ეკლესიის, თუმცა შემდეგ დასძინეს, რომ ხელმოწერების შეგროვება მათ „სინდისმა და ნამუსმა“ დაავალა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ და მსგავსი აქციის შესახებ პირველად ესმით.

აქცია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ნარაზენის მკვიდრმა, ბიზნესმენმა გიორგი ბერიშვილმა დააანონსა. ეს სწორედ ის ბიზნესმენია, რომლის ორგანიზებით, მშენებარე ტაძრის ეზოში რამდენიმე კვირის წინ ტრაპეზი გაიმართა. პარალელურად კი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს. ამ დღეს მშენებარე ტაძარში ლევან ვასაძეც მივიდა.



Print