ახალი ამბები
რუსი ინვესტორი: სოხუმის აეროპორტის აღდგენას, მინიმუმ, ორი წელი დასჭირდება
საინვესტიციო პროექტის „საერთაშორისო აეროპორტი სოხუმი“ ხელმძღვანელმა ეგორ სოლომატინმა სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აეროპორტის აღდგენას, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება, წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

გამოცემის ცნობით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების, ასევე, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა , რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს „როსავიაციის“ ხელმძღვანელის მოადგილემ და პროექტის პოტენციურმა ინვესტორმა განიხილეს.

„ამ ეტაპზე მუშავდება პროექტის გეგმა. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა მოვამზადოთ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რასაც ნახევარი წელი დასჭირდება. აეროპორტის აღდგენა, სამწუხაროდ, ნულიდან უნდა დაიწყოს, ასაფრენი ბილიკის გარდა“, – აღნიშნა სოლომატინმა.

მხარეებმა ავიაციის სპეციალისტების მომზადების საკითხებზეც იმსჯელეს. „როსავიაციის“ წარმომადგენელმა ოლეგ სტორჩევოიმ აღნიშნა, რომ რუსეთის საავიაციო სასწავლებლები მზად არიან მოამზადონ აფხაზი სპეციალისტები, რომლებიც მომავალში სოხუმის აეროპორტში იმუშავებენ.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტს რუსული კომპანია შპს „აეროინვესტი“ ახორციელებს.


Print