ახალი ამბები
ეპარქიაში უარყოფენ, რომ სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას სასახლეს მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ
ჭყონდიდის ეპარქიაში კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუჯუნაში მდებარე აკაკი ხოშტარიას სასახლეს მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ აბაშის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ უთხრა. მისი თქმით, შენობაში, რომელიც, თითქმის ათი წელია, საპატრიარქოს ეკუთვნის არანაირი სამშენებლო სამუშაო არ მიმდინარეობს.

„პირვანდელი სახე არავის დაუზიანებია, მეტიც, ეპარქია ცდილობდა და ცდილობს, რომ აღუდგინოს. მაგალითად, აქ იყო საბჭოთა პერიოდში აშენებული დერეფანი, რომელიც სასახლეს სკოლასთან აკავშირებდა. ეს დერეფანი მოინგრა. გამოიცვალა სახურავი, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული, აწვიმდა. ის, რომ იგეგმება აქ რეზიდენციის განთავსება, ტყუილია. მეუფე პეტრე გეგმავს აკაკი ხოშტარიას მუზეუმი მოაწყოს და განათავსოს ქართულ-ირანული ურთიერთობის კუთხე. აქ იქნება მისი სახელობის კულტურის ცენტრი“, - აღნიშნა კაჭარავამ.

რაც შეეხება შეცვლილ ბარელიეფს სასახლის წინა ფასადზე, სასულიერო პირი ამბობს, რომ განთავსებული ეშმაკის ფიგურა დაზიანებული და ჩამოცვენის პირას იყო. როგორც კაჭარავა გვიყვება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მის ნაცვლად წმინდა გიორგის ბარელიეფი ჩაესვათ.

სასახლის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში ოთარ კობახიძემ გამოაქვეყნა. კობახიძე აღნიშნავს, რომ მან აკაკი ხოშტარიას შვილიშვილის გოგი ხოშტარიას სტატუსი გააზიარა, რომელშიც ხოშტარია კულტურის სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

„ცნობილი ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლე სუჯუნაში, (აბაშის რაიონი.) წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და აქამდე იმყოფებოდა სახელმწიფო კუთვნილებაში, თუმცა ამ უნიკალურ შენობას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ფბ- ით შევიტყვეთ საგანგაშო ინფორმაცია,რომ სასახლე გადასცეს საპატრიარქოს. ამჟამად შესულები არიან დედები,მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შენობას ამზადებენ მეუფის რეზიდენციისთვის. ჩამოხსნილია უნიკალური ბარელიეფები და მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება. კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს კულტურის სამინისტროსგან სასწრაფო, ქმედითი ზომების მიღებას ძეგლის გადასარჩენად ! გოგი ხოშტარია“, - აღნიშნულია პოსტში. 

რადიო "ათინათი" კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

უკვე, თითქმის, ათი წელია, სასახლე ჭყონდიდის ეპარქიას ეკუთვნის. სასახლეში ამჟამად მორჩილები ცხოვრობენ. შენობა აბაშელმა მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ 104 წლის წინ საკუთარი დედისთვის იტალიელ ოსტატებს ააგებინა.



Print