ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბამ "აფხაზეთში ნიკარაგუას ელჩს" თანამდებობის დაკავება მიულოცა
"აფხაზეთში ნიკარაგუას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. შესაბამისი ცერემონია დღეს გაიმართა. რაულ ხაჯიმბამ ალბა ასუსენა ტორეს - მეხიას ელჩის თანამდებობის დაკავება მიულოცა, წერს "ნუჟნაია გაზეტა".

რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ "ნიკარაგუასთან კავშირს, რესპუბლიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და აფხაზეთი დაინტერესებულია ორმხრივი ურთიერთობის გამყარებაში". თავის მხრივ, ალბა ასუსენა ტორეს - მეხიამ აღნიშნა, რომ "მისთვის დიდი პატივია ემსახუროს ნიკარაგუას ხალხს და ღირსეულად წარმოადგინოს ის აფხაზეთის რესპუბლიკაში". მისი თქმით, ის ოცნებობს აფხაზური ენის სწავლაზე, რათა ოდესმე, ორიგინალში წაიკითხოს ბაგრატ შინკუბას ლექსები.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. მას შემდეგ მათი დამოუკიდებლობა კიდევ ოთხმა ქვეყანამ – სირიამ, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ ცნო.
Print