ახალი ამბები
მულახში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან სურთ შეხვედრა, რათა მას თემის პრობლემების შესახებ მოუყვნენ.

როგორც რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა შორენა გულედანმა უთხრა, მათი მთავარი მოთხოვნა ჟაბეშამდე სამკილომეტრანხევრიანი ცენტრალური გზის მშენებლობაა.

„ყოველთვის ასე გვაწყნარებენ, რომ პროგრამაში ჩადებულია ცენტრალური გზის, საბაგირო გზების მშენებლობა, მაგრამ არ დადგა ის დღე, როცა მართლა უნდა დაიწყოს. ამაზე არავინ ზრუნავს და არავის აინტერესებს. ზამთარში გადაადგილება კიდევ უფრო რთული ხდება. იმის მაინც არ რცხვენიათ, რომ აქ ტურისტები ნაგავში და მტვერში გადიან 12 კილომეტრიან გზას?“, - გვითხრა გულედანმა.

აქციის მონაწილეებს გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, რის შემდეგაც მესტია-უშგულის გზა გაიხსნა.

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მათი პრობლემების შესახებ ინფორმირებულია.

"გზები შესაკეთებელია და ბევრი რამაა გასაკეთებელი. ადგილობრივ დონეზე რაც შეიძლება გადაწყვეტილიყო, ეს არის გზის რეაბილიტაცია, რაც ტენდერზე გავიდა და შერჩევა-შეფასების ეტაპზა. აქ არ არ არის მარტო გზის პრობლემა. აქ არის წყლის, კანალიზაციის პრობლემა. ასევე საუბარია სოფლის განვითარების გენ-გეგმის დამტკიცებაზე. დღეს ხუთ საათზე გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა და დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს", - ამბობს მესტიის მერი.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უშგულში დღეს, 25 აგვისტოს უნდა ჩასულიყო, თუმცა, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურში გვითხრეს, უამინდობის გამო ფრენა გადაიდო.



Print