ახალი ამბები
გუბერნატორი და უშგულელები პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
უშგულში მოსახლეობა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან. შესაბამისი შეთავაზება უშგულელებმა მხარის რწმუნებულისგან დღეს ადგილზე მიიღეს. სპეციალური ჯგუფის მიზანი უშგულში არსებული საკითხების ცენტრალურ ხელისუფლებამდე მიტანა და მისი გადაჭრა იქნება.

უშგულელები ითხოვენ კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციას, ასევე, ზვავსაშიში ზონის აღდგენასა და უშგულისთვის გენ-გეგმის შემუშავებას.

"ეს არის ყველას პრობლემა და ყველას სატკივარი. აქ უკვე სიცოცხლისთვის საშიში ხდება ცხოვრება, რომ არაფერი ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. რაც შეეხება გენ-გეგმას, ვინაიდან არ აქვს უშგულს გენ-გეგმა, იქმნება მშენებლობების პრობლემები. აუცილებელია ამის მოგვარება", - ამბობენ ადგილობრივები.

ალექსანდრე მოწერელია დღეს უშგულის თემის სოფლებში ვითარებას ადგილზე გაეცნო. მათ შორის, დაათვალიერა კოშკები და მაჩუბები და აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია ხარვეზიანია.

"მოსახლეობის გულისწყრომა სამართლიანია. ეს სამუშაოები არ არის ჯეროვანი ხარისხით შესრულებული. აუციელებელია ისინი გამოსწორდნენ და გაგრძელდეს ხარისხიანად. შევთანხმდით, რომ გვექნება კომუნიკაცია და აუცილებლად მივიღებთ ზომებს ხარვეზების გამოსასწორებლად და ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ", - აღნიშნა მოწერელიამ.

უშგულელებმა საპროტესტო აქცია მიმდინარე თვეს უკვე ორჯერ გამართეს. აქციის მონაწილეები სოფელში არსებულ პრობლემების მოგვარებას, პირველ რიგში კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ მესტიის მერთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან სურდათ მოლაპარაკებები. დღეს მათ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უნდა შეხვედროდა, თუმცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვერტმფრენით მისი მესტიაში გამგზავრება უამინდობის გამო გადაიდო.
Print