ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია.

"ვერც პირველ და ვერც მეორე ტურს, როგორც პროცესს, ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა დევნილობაში იმყოფება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლაც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც, როცა ე.წ. მეორე ტურია ჩანიშნული, პროცესები მშვიდობიანად, დაძაბულობის გარეშე წარიმართოს, რადგან აფხაზური საზოგადოების ბედი ჩვენთვის სულერთი არ არის. არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს გავაფართოვოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. "საარჩევნო შტაბის" მონაცემებით, ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა სამმა კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ - 20, 304 , ალხას კვიცინიამ – 19, 032 და ოლეგ არშბამ – 18, 931 დააგროვა. მათივე ცნობით, "არჩევნების" მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდება.

Print