ახალი ამბები
პენიტენციალური სამსახური: ზუგდიდელი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ზუგდიდელი მსჯავრდებულის ნიკა ლოგუას შესახებ განცხადებას ავრცელებს და მისი ოჯახის ბრალდებებს პასუხობს. პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ლოგუას მდგომარეობა, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, სტაბილურია.

„1994 წელს დაბადებული მსჯავრდებული ნ.ლ. N3 პენიტენციურ დაწესებულებაში 18.08.2018წ. მოათავსეს. 23.08.2019წ. მსჯავრდებულმა გამოაცხადა შიმშილობა იმ მოტივით, რომ არ აკმაყოფილებდა პენიტენციური დაწესებულების საკვების ულუფა. მსჯავრდებულმა შიმშილობა მეორე დღეს, 24.08.2019წ. შეწყვიტა. 24.08.2019 წ. ნ.ლ.-მ მუცლის არეში მრავლობითი თვითდაზიანება მიიყენა და პირველად სამედიცინო მომსახურებზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც მოხერხდა მსჯავრდებულისგან თანხმობის მიღება, იგი იმავე დღეს გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტრადა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, ინფუზური თერაპია, გაუკეთდა ანტიტეტანური შრატი, დაუმუშავდა ჭრილობები. ამის შემდეგ ნ.ლ. დაბრუნდა პენიტენციურ დაწესებულებაში. გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად ჩაუტარდა ანტიბიოტიკოთერაპია. მსჯავრდებული ფსიქიატრის მიერ კონსულტირებულია 23.08.2019წ. და 30.08.2019წ., თუმცა ფსიქიატრიული კუთხით მედიკამენტურ მკურნალობასა ან სხვა დამატებით გამოკვლევაზე რეკომენდაცია არ გაცემულა. მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმების მიერ კონსულტირებულია: 23.08.2019წ., 24.08.2019წ. 26.08.2019წ. და 30.08.2019წ. ამ ეტაპზე ნ.ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, 03.09.2019წ. დაგეგმილია მისთვის ჭრილობებიდან ნაკერების მოხსნა. ნ.ლ. იმყოფება ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობის და მედ-პერსონალის დინამიური დაკვირვების ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობით. რაც შეეხება საკვებთან დაკავშირებით მსჯავრდებულის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას, უნდა აღინიშნოს, რომ ნ.ლ.-ს, ისევე როგორც ყველა სხვა თავისუფლებააღკვეთილ პირს, საკვები საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N388-N01-18/ნ ერთობლივი ბრძანების საფუძველზე გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად მიეწოდება. ასევე უსაფუძვლოა მსჯავრდებულის ოჯახის წევრების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათ ნ.ლ.-სთან შეხვედრის უფლება არ ეძლევათ, რადგან მსჯავრდებულს შეუძლია ხანმოკლე პაემნის უფლებით ისარგებლოს“, - აცხადებენ პენტენციალურ სამსახურში.

25 წლის პატიმრის დედის ნესტან ცირდავას თქმით, შვილი, რომელიც ყაჩაღობის მცდელობისთვის ბათუმის #3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ცუდ პირობებში ჰყავთ. ცირდავა ამბობს, რომ ამის შესახებ ნიკა ლოგუა საპყრობილიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

Print