ახალი ამბები
ზუგდიდის პირველი სკოლის ჭიშკარზე მახათები ჩამოკიდეს
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ჭიშკარზე სამოქალაქო აქტივისტებმა მახათები ჩამოკიდეს. ამით ახალგაზრდებმა დირექტორის, ნინო გოგინავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარი გააპროტესტეს, რაც მათ მიერ ზუგდიდში ძეგლებისთვის ანტიოკუპაციური თვალსახვევის გაკეთებას ეხებოდა. მახათებთან ერთად, მათ გოგინავას კომენტარის ამობეჭდილი ვერსიაც გააკრეს, რომელშიც ვკითხულობთ: „ვინც ეს მოიფიქრა, იმის თავში ჩამახედა, მახათები აჩუქეთ ამ ხალხს“.

აღნიშნული კომენტარი ამ მომენტისთვის არ იძებნება.
სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ სკოლის დირექტორი თავის აზრს აგრესიით არ უნდა გამოხატავდეს.

"ჩვენ გვესმის აზრის გამოხატვის თავისუფლება და პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს, მაგრამ როდესაც სკოლის დირექტორი თავის აზრს გამოხატავს აგრესიული ენით, მაშინ როცა ამ ქალბატონს ასობით ბავშვზე ეკისრება პასუხისმგებლობა, მისი აგრესია არის პრობლემა და ცხადია ეს ქალბატონი მიიღებდა პასუხს. ვიმედოვნებთ, რომ ქალბატონი ნინო გაიაზრებს ამ ყველაფერს. აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ, გუშინდელ რეაქციებს რომელიც გამოიწვია ზუგდიდში თითქმის ყველა ძეგლის თვალის ახვევამ. ცოტა წარმოუდგენელია რომ ვიღაცებისთვის ოკუპაციის გაპროტესტება, ასოცირდება შეურაცხყოფასთან. ეს ადამიანები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მათ სურდათ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო, ასე რომ დიახ ეს ადამიანები დღეს ცოცხლები რომ იყვნენ ერთად ვიდგებოდით, ერთად ვიბრძოლებდით და ერთად არ შევეგუებოდით რუსულ ოკუპაციას. ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები" წაიკითხეთ და მიხვდებით რომ დიახაც ერთად ვიდგებოდით სიმართლის და ქვეყნის სადარაჯოზე", - ამბობენ ისინი.

ნინო გოგინავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამით უბრალოდ აქცია გააპროტესტა და ეს არ იყო აგრესიის შემცველი.

"არანაირი აგრესია არ იკითხებოდა იმ კომენტარში. ჩამახედა მაგათ თავშითქო, მახათებია დასარიგებელი-თქო. არანაირად არ იყო აგრესიით დაწერილი. ნამდვილად არ უნდა ჩამოეკიდათ მახათები სკოლის ჭიშკართან, ამ შემთხვევაში. სოციალურ ქსელში მე წარმოვადგენ ნინო გოგინავას და როცა მინდა, რომ დირექტორის სტატუსით წარვდგე, არც ის მეშლება. ძეგლების ასეთი ხელყოფა, უბრალოდ უხერხულია. ეს არის უგულებელყოფა მათი უფლების. აი ეს გამოვხატე, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, თორემ ახალგაზრდები რას გააპროტესტებენ, ეს მათი უფლებაა", - ამბობს გოგინავა.

ჭიშკარზე ჩამოკიდებული მახათები მოგვიანებით პედაგოგებმა ჩამოხსნეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში არსებულ თითქმის ყველა ძეგლს წითელი თვალსახვევი გაუკეთეს, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
Print