ახალი ამბები
ზუგდიდელი პატიმარი, რომელიც დახმარებას ითხოვდა ადვოკატმა მოინახულა
ბათუმის #3 პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფი ზუგდიდელი 25 წლის ნიკა ლოგუა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ მოინახულა. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ შეხვედრა 20 წუთის წინ დასრულდა და პატიმარს ყოფით პრობლემებთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან ჰქონდა პრობლემები.

„როგორც მითხრ, იმყოფებოდა ისეთ საკანში, სადაც არის გაუსაძლისი ხმაური. პატიმარი ვერ ახერხებდა ძილს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გააპროტესტა და მოითხოვა სხვა ოთახში გადაყვანა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო. ამის შემდეგ პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება, დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა“, - ამბობს ჯანაშია.

მისივე ინფორმაციით, ერთ კვირაში ნიკა ლოგუა დედას შეხვდება.

25 წლის პატიმრის დედამ ნესტან ცირდავამ შვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა და დახმარება ითხოვა.

სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში განაცხადეს, რომ ლოგუას მდგომარეობა, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, სტაბილურია.

Print