ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: რუხის კლინიკის მშენებლობა დასრულებულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულებულია. სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დასუფთავებისა და გადაბარების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად უწყებაში თავდაპირველი პროექტის შეცვლას ასახელებენ.

“თავდაპირველი პროექტის მოდერნიზება გახდა აუცილებელი. ეს იყო ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც გაჭიანურდა მშენებლობა. ობიექტის აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის  გადაცემის პროცესი დაწყებულია“,- ამბობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

თავის მხრივ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკას მიმდინარე წლის ბოლოს გადაიბარებენ.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღჭურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. 2020 წლიდან, როდესაც შენობა ექსპლუატაციაში შევა, სამინისტრო თავის ვალდებულებებს შეასრულებს“, - განაცხადეს სამინისტროში.

სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისაგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. მას შემდეგ 2019 წლის 30 მარტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდებოდა.

ამავე თემაზე:


რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება (ვიდეო)


Print