ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური იმართება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „პრეზიდენტს“ ირჩევენ. დღეს „არჩევნების“ მეორე ტური იმართება.  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი 8 საათზე  გაიხსნა. მისივე ცნობით, „რესპუბლიკის ტერიტორიაზე 152 უბანია გახსნილი, ხოლო მის საზღვრებს გარეთ, მოსკოვსა და ჩერკესკში - ორი“.

25 აგვისტოს ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილე 9 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ დააგროვა  ამომრჩეველთა ხმების 50% - ზე მეტი, შესაბამისად, მეორე ტური 8 სექტემბერს დაინიშნა.

მეორე ტურში ორი კანდიდატი, „მოქმედი პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია იღებენ მონაწილეობას, მათ ხმათა 23,85% და 21,97% მიიღეს.

„პრეზიდენტობის კანდიდატმა“ ოლეგ არშბამ, რომლიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექს - პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გუნდს წარმოადგენდა, პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 22,56% დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.

ამის შემდეგ, ოლეგ არშბამ და ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადეს, რომ ერთიანდებიან და მეორე ტურში ალხას კვიცინიას დაუჭერენ მხარს.

„საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარის ინფორმაციით, „საარჩევნო პროცესს აკვირდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები რუსეთის სახელმწიფო დუმიდან და ფედერაციის საბჭოდან, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები“.

გარდა ამისა, მისი თქმით, არჩევნებს ექვსი უცხოური საინფორმაციო სააგენტო  აშუქებს.
ფოტო: ნუჟნაია გაზეტა
Print