აქტუალური თემები
„ანაკლიიდან დავიწყებთ ნიჰილიზმის დამარცხებას" - „ლელო“ 12 ლიდერს ეძებს (ფოტო, ვიდეო)
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, თანამოაზრეებთან ერთად, დღეს ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „ლელო“ დააფუძნა. მან შეკრებილებს მოძრაობის კონცეფცია გააცნო. ხაზარაძის თქმით, ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, დაყადაღებული ანგარიშებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ბრძოლას მოიგებს. მისივე თქმით, მოძრაობა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 12 ლიდერს ეძებს . რაც შეეხება მოძრაობის დაფუძნების ადგილს, ხაზარაძის განცხადებით, ანაკლია ორი მიზეზის გამო შეირჩა.

„აქედან 4 კილომეტში არიან ჩვენი ძმები და ე.წ. ხელოვნური საზღვრით ვართ გაყოფილები, მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი კი ანაკლიის პორტია. ჩვენ ვაფუძნებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, სიყვარულის, ერთობის და საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი. მოძრაობას სახელად ერქმევა ლელო, რადგან ეს არის სახელი, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული, რომელშიც ჩანს, რომ ქართველებმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება - ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მოძრაობაში იქნებიან ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, ასევე, საიას ყოფილი თავმჯდომარე და გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე, რომელიც ამბობს, რომ რევოლუციური ცვლილებებია საჭირო. მათივე თქმით, მასშტაბურ ცვლილებებს გაერთიანება სჭირდება, რადგან საკუთარ სფეროში წარმატების მიღწევა საკმარისი ქვეყნის განვითარებისთვის არ არის.

„აქ ვართ სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების წარმატებული ადამიანები, რომლებმაც გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ-ჩვენს სფეროში წარმატების მიღწევა არაა საკმარისი, საქართველო წინ წავიდეს და გახდეს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ექნებათ სიამაყის გრძნობა. ამიტომაც ვერთიანდებით გამოცდილებით, შემართებით, კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმით ამ ქვეყნის ირგვლივ ქვეყნის წარმატების, წინ წაწევის იმედით, ამ იდეის ირგვლივ. გამბედავი და კონპეტენტური ადამიანების ერთობა შექმნის ენერგიას, რომელიც აუცილებელია ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ერთიანდება, ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე წარადგინა. მან მოძრაობის სახელწოდება დაფაზე დაწერა, რის შემდეგაც მოძრაობის წევრებმა საკუთარი ხელმოწერები დააფიქსირეს. მოძრაობის დამფუძნებლებიუახლოეს მომავალში პარტიის შექმნასაც აანონსებენ.


Print