რეგიონი
აბაშაში საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი გაიმართება
აბაშაში მესამე საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის ორგანიზებისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ 6 ათასი ლარი გამოყო. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფესტივალს ორგანიზებას გამარჯვებული კომპანია ასოციაცია „სინერამა“ გაუწევს.

ამავე ცნობით, 13-16 ოქტომბერს, კინოფესტივალი აბაშის კულტურის ცენტრში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში 35 ქვეყნის 110 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება. მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური ან ექსპერიმენტული ფილმები, რომელთა ქრონომეტრაჟი 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს, 8-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდების მიერ უნდა იყოს გადაღებული. ნამუშევრებს ორი უცხოელი და ერთი ქართველი ჟიური შეაფასებს.

კინოფესტივალის დღეებში საკონკურსო კინოჩვენებების გარდა, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, კონცერტები და ექსკურსიები მოეწყობა.
Print