ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი ზახაროვას განცხადებას ცინიკურს უწოდებს
სახელწმიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პასუხობს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ.

„ეს განცხადება არ ყოფილა უჩვეულო და პრინციპში, სტილიც დაცული გახლავთ. სერიოზულად საუბარი რაიმე დამოუკიდებლობასა და იმაზე, რომ დემოკრატია შედგა, არც შეიძლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია. ამ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, ახლაც, სრულად შეზღუდულია გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით და ოჯახები გაყოფილია, მოწოდებები რომ იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია. თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების ის საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა. საერთოდ, დავიწყოთ იმ ოჯახებით, რომლებიც გაყოფილები არიან და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ამ რეგიონებში წვდომა, სადაც ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულად მძიმეა“, - აღნიშნა მინისტრმა.
Print