ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს (ფოტო)
"სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ", - ამ სლოგანით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი კიდევ ერთხელ უერთდებიან თბილისის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მოძრაობის პროტესტს და მათ მხარდაჭერას უცხადებენ.


აქცია სიმღერით "გახარიას უხარია" დაიწყო.

"ზუგდიდი არის პირველი ქალაქი, სადაც თბილისს გარეთ დაიწყო აქციები, იმის სათქმელად რომ უკვე ყველგან სირცხვილია. ეს ამბავი არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის ან ერთი ქუჩის - სირცხვილია ყველგან, სადაც ვრცელდება გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ვიღებთ ივანიშვილის გამოწვევას, რომელმაც პირდაპირ სილა გააწნა საზოგადოებას, რომელიც შსს მინისტრის გადადგომას ითხოვდა ძალადობრივი ქმედებების გამო და დაუნიშნა მას პრემიერ-მინისტრად. ვიწყებთ ბევრ სხვადასხვა ფლანგზე ბრძოლას, იმისთვის, რომ 2020 წელს დავასრულოთ რეჟიმი, რომელმაც დააზიანა და დააზარალა ჩვენი სახელმწიფო", - თქვა "სირცხვილიას" ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეებს შორისაა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია.

"ვაპროტესტებთ პირველ რიგში გახარიას დანიშვნას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ყოვლად მიუღებელი, ცინიკური და შეურაცხმყოფელი საკადრო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღო ივანიშვილმა. კრიმინალი გახარია, რომელსაც ამ ქალაქში პრაქტიკულად ადამიანის მკვლელობა აქვს ჩადენილი და ეს საქმე არის გამოუძიებელი, დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ვემზადებით 20 სექტემბრის აქციისთვის, რომ ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას დავანახოთ - საქართველოს მოსახლეობა დგას ერთად", - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

ამავე თემაზე: 

აქცია „#სირცხვილია“ დღეს ზუგდიდის მერიასთან გაიმართება

„სირცხვილია“ - გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით აქცია ზუგდიდშიც გაიმართება


Print