ახალი ამბები
გიგა მაქარაშვილი ზუგდიდში: არაფრის შეგეშინდეთ, თქვით თქვენი სათქმელი (ვიდეო)
ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარედ დასრულდა საპროტესტო აქცია „სირცხვილია“. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ყოფილი შს მინისტრის გაპრემიერება გააპროტესტეს. „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი მოძრაობას ოფიციალურად დააფუძნებენ და იბრძოლებენ, რათა 2020 წელს ხელისუფლება შეიცვალოს. სამოქალაქო აქტივისტმა ასევე ზუგდიდის მერს მიმართა და აღნიშნა, რომ არცერთ შეცდომას მას საზოგადოება არ აპატიებს.

„ჩვენ ვართ მერიის წინ და მინდა მივმართო ზუგდიდის ახალ მერს, რომ ჩვენ არცერთ ჩინოვნიკს, არც მას გადაცდომებს არ ვაპატიებთ. ზუგდიდი ყოველთვის იჯდა მთავარ არტერიაზე ამ ქვეყნის და აქედან იგრძნობოდა გულისცემა, ამიტომაც აქედან მინდა ვუთხრა ყველას, არ შეგეშინდეთ, ყველამ თქვით სათქმელი, გააპროტესტეთ, რაც არ მოგწონთ და 2020 წელს ჩვენი მშვიდი არჩევანით ყველა შევძლებთ საქართველო ისევ ევროპულ რელსებზე დავაყენოთ, ავიცილებთ რუსეთის მონობას და მის გუბერნიად გადაქცევას“, - აღნიშნა მაქარაშვილმა.

აქციაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც. მისი თქმით, ხელისუფლებას გამოუძიებელი საქმეები და დანაშაულები, მათ შორის, ია კერზაიას საქმე, არ უნდა ეპატიოს.

„ჩვენს მთავრობას უნდა დავანახოთ, რომ ეს შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება, როგორიც იყო გახარიას გაპრემიერება, ასევე, „რუსთავი 2“-ის საქმე, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტა და სხვა საქმეები, არავისთვისაა მისაღები“, - დასძინა შენგელიამ.

აქციაზე სიტყვით სტუდენტები და სხვა ზუგდიდელებიც გამოვიდნენ.

თითოეული მათგანი 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან ერთად ამჯერად გიორგი გახარაიას გაპრემიერებას აპროტესტებს. აქცია ზუგდიდიდან სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც თბილისში 20 სექტემბრის მასშტაბური შეკრებით გაგრძელდება.

Print