ახალი ამბები
ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელები მამებმა მიიყვანეს (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში ახალი სასწავლო წლის დაწყება პერფორმანსით აღნიშნეს. პირველკლასელები საბავშვო ბაღიდან სკოლამდე აღმზრდელებმა მიიყვანეს და მამებს ჩააბარეს.

თავის მხრივ, მამებმა შვილები დამამთავრებელი კლასის მოსწავლებთან მიიყვანეს, რომლებმაც ისინი სასკოლო ოთახამდე მიაცილეს. პერფორმანსის იდეა დაწყებითი კლასის მასწავლებელს ცირა გულუას ეკუთვნის. ღონისძიების მიზანი ბავშვების აღზრდის პროცესში მამების როლის გაზრდა და სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობა იყო. აღნიშნულ სკოლას წელს 21 პირველკლასელი ჰყავს.

"წლევანდელი წელი მამების წლად გამოვაცხადეთ. პირველი დღე საზეიმო შეხვედრით დავიწყეთ და იმედი მაქვს, რომ მამების გული მოვაბრუნე სკოლისკენ. ჩვენ, მამებთან ერთად, ბევრ სასიკეთო და კარგ საქმეს გავაკეთებთ სკოლის ცხოვრებისთვის, რაც მისაბაძი იქნება ბავშვებისთვის", - თქვა პედაგოგმა ცირა გულუამ.

მამები დღევანდელი დღით კმაყოფილები დარჩნენ და თქვეს, რომ ისინი სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან.

"ყველანი გახარებულები ვართ, რომ ასე ლამაზად ჩაიარა ამ ცერემონიამ. მინდა ყველა პირველკლასელს მივულოცო ეს დღე და წარმატებები ვუსურვო მათ", - აღნიშნა ერთ-ერთი პირველკლასელის, ნიაკოს მამამ იოსებ ჯანაშიამ.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სულ 1 437 პირველკლასელია
Print