რეგიონი
ანაკლიაში კავკასიის ხალხთა ფესტივალი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება
ანაკლიაში, 20-23 სექტემბერს, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრთან ერთად, კავკასიის ხალხთა მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორული ფესტივალი "ანაკლია 2019“ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორის, ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფესტივალზე გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის (აშშ) ნამუშევრები. კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოადგენენ კავკასიურ თავსაბურავებს.   ანაკლიის ფესტივალზე კავკასიური პოეზიის კრებულს წარადგენენ, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე.

ამასთან, წელს პირველად ამერიკელი მეცნიერები, ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორები, გეგმავენ საკუთარი პრეზენტაციების წარდგენას კავკასიურ თემატიკაზე.

ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები.
Print