ახალი ამბები
დარჩელის ბაღის აღმზრდელები: ბავშვებს იატაკზე კი არ ეძინათ, სახლობანას თამაშობდნენ (ვიდეო)
დარჩელის საბავშვო ბაღში ამბობენ, რომ აღსაზრდელები, რომლებიც იატაკზე დაფენილ ლეიბზე იწვნენ, თამაშობდნენ. მასწავლებლებისა და ბაღის გამგის მტკიცებით, პატარებს არ ეძინათ და სადილობის შემდეგ მსგავსი "აქტივობა" ხშირია.

"სახლობანას თამაშობდნენ, ჩვენ აქ ბავშვებს არ ვაძინებთ, საწოლები არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ლეიბები მოვატანინეთ, ტყუილია, რამდენიმე მატრასი გვაქვს. ერთ-ერთმა შეგნებულად მოგვიწყო პროვოკაცია, რადგან ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია",- ამბობს ბაღის გამგე ინეზა ქობალია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა კავშირი აქვს პოლიტიკას აღნიშნულ შემთხვევასთან.

დილიდან ბაღში შეკრებილი მშობლებიც ბაღის ადმინისტრაციის პოზიციას იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ მათ შვილებსა და შვილიშვილებს იატაკზე არ სძინავთ.

"თვითონ სულ ნასვამია ხოლმე და ბავშვს არ ატანენ სახლში მასწავლებლები, ბებიას ელოდებიან. ამიტომ გადაიღო რაღაც ვიდეო. თუ ეს ამბავი ვინმეს აწუხებს, მოვიდნენ და უზრუნველყონ შესაბამისად აღჭურვა",- თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ რამდენიმეწამიან ვიდეოში ვხედავთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ხალიჩაზე გაფენილ საბნებზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.


ამავე თემაზე: 

მშობელი: დარჩელის საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე გაშლილ საბნებზე სძინავთ (ვიდეო)
Print