ახალი ამბები
26 წელი სოხუმის დაცემიდან
დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 26 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელში, რუხში, ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა. მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაზე "მშვიდობით დავბრუნდებით" სიმბოლურად სანთლები დაანთეს.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.
Print