ახალი ამბები
გახარია: მშვიდობა ქართველებისთვის და აფხაზებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ომი გამოსავალი არ არის და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. გახარიას თქმით, მშვიდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართველებისა და აფხაზებისთვის. ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ისაუბრა.

„26 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე, აფხაზები, ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს ის, რომ იმის გაგება და იმის შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ ომი არ არის გამოსავალი. შრომა, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო - ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ,“- განაცხადა გახარიამ.
დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.
Print