ახალი ამბები
TI-მ ადგილობრივ ხელისუფლებას ზუგდიდში არსებული პრობლემების ჩამონათვალი წაუდგინა (ვიდეო)

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ზუგდიდში სამოქალაქო საბჭოს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შესრულების ანგარიში წარადგინა. ამასთან, ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას ის პრობლემები გააცნო, რომლის მოგვარებას

მოქალაქეები 2020 წლისთვის ითხოვენ.  TI-ის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, გასულ წელს ადგილობრივ ხელისუფლებას 48 პრობლემის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აქედან 24 მოგვარდა ან შესრულების ეტაპზეა.

განსხვავებულია საკითხები, რომელთა გათვალისწინებასაც მოქალაქეები მომავალი წლის ბიუჯეტისთვის ითხოვენ. საბჭოს მიერ გამოვლენილი პრობლემებიდან, ადგილობრივები უმეტესად ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩების რეაბილიტაციას, ან მიმდინარე სამუშაოების დასრულებას ითხოვენ. ასევე დასახელდა შემდეგი პრობლემები: შუქნიშნების გაუმართაობა, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა, საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია.

"მოქალაქეები, რომლებიც საბჭოში არიან გაწევრიანებული, პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას მათ დასახლებაში არსებულ პრობლემებზე. შარშან ჩვენ მერიას მივაწოდეთ ჩამონათვალი 48 სხვადასხვა პრობლემაზე, რომელთაგან მიმდინარე წელს ნაწილი მოგვარდა. დღეს ჩვენ მერიას და საკრებულოს წარვუდგინეთ ახალი ჩამონათვალი", - აღნიშნა არჩილ თოდუამ.

შეხვედრას ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე ის მოქალაქეები დაესწრნენ, რომლებიც არსებული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას და მერის პირველი მოადგილის გიგა ფარულავას თქმით, ჩამოთვლილი საკითხები მათთვის ცნობილია და მოგვარება პერიოდულად მიმდინარეობს.

"პრობლემების უმეტესობა მოკვლეული აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რომელთა ნაწილიც უკვე მოგვარებულია. ასევე მომავალი წლისთვის, დღეს დასახელებული პრობლემების მოგვარება მოხდება პრიორიტეტების მიხედვით", - ამბობს მამუკა წოწერია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საბჭომ მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი გასულ წელსაც წარადგინა.

 

Print