პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარტიული აქტივი შეხვდა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში პარტიის წარმომადგენლებთან რეგიონულ შეხვედრებს მართავს. პარტიის ლიდერს ზუგდიდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის ყოფილი მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს რამდენიმე წევრი და პარტიის აქტივისტები შეხვდნენ. მათი ცნობით, ივანიშვილთან პარტიული საკითხები განიხილეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

დეპუტატმა თამუნა ჯიქიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პროექტის განხორციელება მისთვის პრიორიტეტულია.

"რეგიონში პრობლემებზე და გამოწვევებზე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე იყო საუბარი. მაგალითად, საბავშვო ბაღები, წყალი და კანალიზაცია. რა თქმა უნდა, ირიბად შევეხეთ 2020 წლის არჩევნებს. როდესაც ფოთის პორტი ახსენეს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი მისთვის პრიორიტეტულია და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პროექტი აუცილებლად განხორციელდება. თქვა, რომ ამ ამბავს ბოლომდე მიჰყვება" - აღნიშნა თამუნა ჯიქიამ.

რაც შეეხება მერის ყოფილ მოადგილეს მაიზერ ნანავას, იგი ამბობს, რომ შეხვედრის თემა პარტიის გაძლიერებას ეხებოდა.

"ვესწრებოდი როგორც პარტიის აქტივისტი. საუბარი იყო პარტიის განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე",- გვითხრა ნანავამ.

შეხვედრის შინაარსზე საუბარი არ ისურვა დეპუტატმა ოთარ ქადარიამ და გვითხრა, რომ კომენტარზე პრეს-სამსახურისთვის მიგვემართა.

რაც შეეხება ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და საკრებულოს სხვა წევრებს, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

პარტიის თავმჯდომარემ თანამოაზრეებთან შეხვედრები 26 სექტემბერს, გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით დაიწყო.
Print