ახალი ამბები
წულუკიანმა ციხის დირექტორი, სადაც ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა თავი მოიკლა, გაათავისუფლა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი, სადაც ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ თავი მოიკლა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც „პირველი არხი“ წერს, მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს უკავშირდება.

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, – აღნიშნა წულუკიანმა.

ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა ქუთაისის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ, პირველ ოქტომბერს დაასრულა. მოგვიანებით, პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, რომ ბრალდებულმა თავი საკანში ზეწრით ჩამოიკიდა.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ძმას 4 დღის წინ მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს, მისი ძმა კი საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 30 სექტემბერს კი ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
Print