ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის საქმის გამოძიების გაგრძელებას და ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას წერილობით მიმართა.

„არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული. უფრო მეტიც შეწყდა საქმის გამოძიება. ჩვენ ერთ თვეზე მეტხანს ვითხოვდით საქმის მასალების გაცნობას, რომელიც ახლახან გადმოგვეცა.  მასალებში აღმოვაჩინეთ ბევრი დარღვევა გამოძიების მიმართულებით.  ჩვენი მოთხოვნა არის საქართველოს გენერალური პროკურატურის და საქართველოს მთავრობის მიმართ, გაუქმდეს საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება. განახლდეს სისხლის საქმის გამოძიება და დაიკითხოს გიორგი გახარია, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე. დაინიშნოს სამხარაულის ექსპერტიზა კალიგრაფიულ ექსპერტიზის მიზნით , რადგან ეს საჩივრები შედგენილია განათლების სამინისტროში და მას რეალური ავტორი არ ჰყავს. ასევე ამოღებულ იქნას ანძის დეტალური ამონაწერი, რაც დაადასტურებს სატელეფონო კავშირს მიხეილ ბატიაშვილსა და გიორგი გახარიას შორის. რაც რეალურად დაადასტურებს, რომ საქმე ეხებოდა პოლიტიკურ ზეწოლას“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 23 სექტემბერს შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად უწყებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობას ასახელებენ.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა - ბაჩანა შენგელია პროკურატურას პასუხობს
Print