ახალი ამბები
ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარეს ჩერგოლეიშვილის დაკვეთის შემსრულებელი უწოდეს (ვიდეო)
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბათლომე შელიასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის კამათი, იმ საკითხს მოჰყვა, რომელიც საკრებულოზე განსახილველად არ გასულა. შელიას თქმით, ზუგდიდის მერიას სურს ქალაქის ტერიტორიაზე 50-მდე ე.წ. "ლაით ბოქსის" განსათავსებელი ადგილი იჯარის ფორმით იმ კომპანიას გადასცეს, რომელიც "ქართული ოცნების" შემომწირველია.

შელიას ამ განცხადებას დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კერძოდ, "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ლაგვილავამ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს უთხრა, რომ მათი პარტიის ლიდერების ბანერზე გაკვრას მიკი მაუსების სურათების დაკიდება ჯობია. შელიამ ლაგვილავას ამ რეპლიკაზე უზრდელი უწოდა, ამ უკანასკნელმა კი თქვა, რომ თამარა ჩერგოლეიშვილის დაკვეთის შესრულებას ურჩევნია უზრდელი იყოს.

"რაც შეეხება თქვენს შიშს, რომ თუკი გავეცით ნებართვა და იქ შემდეგ საარჩევნოდ ჩვენი დეპუტატების სახეები იქნება - ეს თქვენ ნამდვილად არ გემუქრებათ. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, არჩევნების დროს თქვენი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად, მიკი მაუსის სურათები დაკიდოთ ჯობია", - უთხრა ლაგვილავამ "ევროპული საქართველოს" წევრს.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ თქვა, რომ ზემოაღნიშნული საკითხი მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნეს. რაც შეეხება მმართველი პარტიის მიმართ ოპოზიციონერი დეპუტატის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებულ ბრალდებას, წოწერია თქვა, რომ ის არასოდეს ინტერესდება ამა თუ იმ კომპანიის პოლიტიკური გემოვნებით.
Print