ახალი ამბები
დასკვნა: მარტვილის საბავშვო ბაღში წყალი დაბინძურებული აღმოჩნდა

მარტვილის #2 საბავშვო ბაღში, საიდანაც 22 აღსაზრდელი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა, წყალში მიკრობიოლოგიური დარღვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ რადიო "ათინათს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. შესაბამისი დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის მარტვილის მერიას და წყალმომარაგების კომპანიას გადაეგზავნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში ამბობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაწყებულია. ცენტრის ხელმძღვანელის ირმა გაბისონიას თქმით, ისინი საკვებთან დაკავშირებით კვლევის შედეგებსაც ელოდებიან.

"საკვებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხვალ მივიღებთ პასუხს. წყლის ორი ნიმუში აიღეს, ერთი პირველ სართულზე და მეორე სამზარეულოში. ბაღში იყვნენ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და თქვეს, რომ ზედაპირული დაზიანება არ აღენიშნება წყლის მილებს. ვმუშაობთ იმის დასადგენად, საიდან ან რა მონაკვეთზეა დაბინძურების წყარო. ვიდრე არ აღმოიფხვრება, ეს პრობლემა შეგვიძლია ბავშვები გვყავდეს 2-3 საათი კვების გარეშე", - ამბობს ირინა გაბისონია.

მარტვილის #2 საბავშვო ბაღს სასმელი წყალი ცენტრალური წყალმომარაგების სისტემიდან მიეწოდება. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დირექტორის როზა ჯანაშიას ინფორმაციით, გარდა #2 ბაღის შემთხვევისა მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

მარტვილის #2 ბაგა-ბაღიდან სამედიცინო დახმარება სულ 22 ბავშვს დასჭირდა. მათ, პირღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდათ. ინფორმაცია ამის შესახებ 30 სექტემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. ბაღი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.


ამავე თემაზე:

მარტვილის ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

მარტვილში 19 ბავშვის ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო


Print