ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა: რუსეთისკენ აღებული გეზი მტკიცე და ურყევია
რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა, წერს "აბხაზია ინფორმი". ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია სოხუმში საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას ე.წ. ხელისუფლების, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციის, სამხრეთ ოსეთის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლები და ასევე ნიკარაგუას დელეგაცია დაესწრნენ.

რაულ ხაჯიმბამ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთს სჭირდება სტაბილურობა, რაც რესპუბლიკის განვითარების გარანტია. მისი თქმით, “რუსეთისკენ აღებული გეზი მტკიცე და ურყევია“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.

„პრეზიდენტობის კანდიდატმა“ ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 8 სექტემბერს გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების თაობაზე.

ინაუგურაციის პარალელურად, პარტია „ამცახარამ“ გაფართოებული სხდომა გამართა, რომელზეც შეკრებილებმა განაცხადეს, რომ „ხაჯიმბას ინაუგურაციას იურიდიული ძალა არ გააჩნია“.


ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბას „ინაუგურაციის ცერემონია “ 12 საათზე დაიწყება

სოხუმში ალხას კვიცინიას მომხრეებმა „არჩევნების“ შედეგები გააპროტესტეს
Print