ახალი ამბები
მერია ფარცვანიას შეურაცხმყოფელ პოსტზე: ფაქტის დადგენის შემდეგ რეაგირება იქნება უმკაცრესი
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილის მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება მას შემდეგ, რაც ფაქტის ნამდვილობა დადგინდება. რა იგულისხმება უმკაცრეს რეაგირებაში, მერიის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

"როგორც კი დადგინდება ამ ფაქტის ნამდვილობა, მერის პოზიციაა, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი", - უთხრეს რადიო "ათინათს" მერიაში.

უფრო კონკრეტულია ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია. ის მიიჩნევს, რომ ფარცვანიამ მისი მოადგილის თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ორშაბათამდე შვებულებაში ვიმყოფები, სამშაბათს გამოვდივარ. ყველა ვარიანტში მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას , რომ ყველა, ალბათ, დარჩება კმაყოფილი. ეს თავისი სურვილით იქნება თუ ჩემგან იქნება - მე გავაკეთებ ჩემსას. ნამდვილად ეს უკვე ზღვარგადასული ქმედებაა... მექნება მასთან დიალოგი, რომ დიდად შეწუხებული ვარ მისი ასეთი ქმედებით და ალბათ, თავისივე სურვილით წავა", - აღნიშნა მაქაცარიამ.

ზუგდიდის მერიის ააიპ „ბიბლითეკების მართვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ ფეისბუქზე საკუთარი ანგარიში გააუქმა მას შემდეგ, რაც მისი არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოსტები საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.

ბოლოს მან არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარი სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს თამთა თოდაძეს დაუწერა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომლის შეურაცხმყოფელი კომენტარი თამთა თოდაძის მიმართ
Print